საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

როგორ დაანგრიეს ტიტებმა "ბოროტების იმპერია"

როგორ დაანგრიეს ტიტებმა "ბოროტების იმპერია"

დღეს და ყოველდღე, ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს შვილებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ქვეყნის თავისუფლების ბრძოლაში. 30 წლის წინ, გამთენიისას ქ. თბილისში, ათასობით ჩვენი მშვიდობიანი თანამემამულე საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ გაერთიანდა და დაიცვა ხელახლა შობილი დამოუკიდებლობა.

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის გულანთებული 21 ლამაზი სიცოცხლე გათელა ადამიანის კვლაში განსწავლულმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა, როდესაც სამაგალითოდ სასტიკ სადამსჯელო ოპერაციას მშვიდობიანმა მომინტიგეებმა სიმღერა, ცეკვა და ლოცვა დაუპირისპირეს.


დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე ადამიანი. გავიდა 30 წელი და დღესაც ვხედავთ, რომ ქიმიური იარაღი კვლავ რჩება კრემლის არსენალში გასხვავებული აზრის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოკლულების უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები, ზუსტად ჩემი თაობის.

მიუხედავად ქიმიური მოწამვლის დიდი რისკისა ტრაგედიიდან რამოდენიმე საათში რუსთაველის გამზირზე დაღუპულთათვის პატივის მისაგებად უამრავი ხალხი მივიდა ყვავილებით და ქალაქის ცენტრი ტიტებით დაიფარა - აპრილი საქართველოში ტიტების ყვავილობის დროა.

მე და ჩემი მეგობრებიც ვიდექით რუსთაველის გამზირზე, რადგან გვწამდა, რომ ჩვენი იქ ყოფნა იყო გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფლების მოპოვებისათვის. შიში გაქრა, საზოგადოება სიყვარულმა გააერთიანა.

1989 წლის 9 აპრილმა საბოლოოდ გააშიშვლა ბოროტების იმპერია, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა მას და დააჩქარა მისი დაშლის პროცესი. მერე იყო ბერლინის კედლის დემონტაჟი, საბჭოთა კავშირის კოლაფსი და ცივი ომის დასასრული.

9 აპრილი ქართველების ერთიანობის სიმბოლოდ იქცა, რომელმაც ყოველი ჩვენგანი შეცვალა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გახადა შეუქცევადი.

სიმბოლურია, რომ ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წელს საქართველომ ასე ნანატრი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო, რომლის შედეგებზე დაფუძნებული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა არის ჩვენი ძირითადი იარაღი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

9 აპრილი არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე დიადი თარიღი, დაღუპული გმირების ნათელი სახელები გაგვაერთიანებს ჩვენ და მომავალ თაობებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.

გასული 30 წლის განმავლობაში საქართველო შედგა, როგორც წარმატებული დამოუკიდებელი ქვეყანა, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საერთაშირისო თანამეგობრობაში და აღიარებულია როგორც ლიდერი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითრების კუთხით.

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!
დავით სოლომონია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში