შეხვედრა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილესთან
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე, რობერტო აბდალასთან, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბრაზილიას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ორივე მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, საქართველოსა და ბრაზილიას შორის პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადადის, რაზეც მეტყველებს მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით შემდგარი მაღალი დონის ვიზიტები, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ორგანოების მონაწილეობით.
თანამშრომლობის მზარდი ტენდენციის შესანარჩუნებლად, მხარეებმა გამოხატეს მზაობა, აქტიურად შეუწყონ ხელი, როგორც პოლიტიკური დიალოგისა და ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებას, ასევე ქვეყნებს შორის არსებული კავშირების განვითარებას. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის გამტკიცებისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საქართველოს ელჩმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებაზე. მან ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებზე და ყურადღება გაამახვილა რეგიონში არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე. განხილულ იქნა გლობალურ და რეგიონალურ დონეზე მიმდინარე აქტუალური პროცესები, რაც გავლენას ახდენს ორივე ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
