ბრაზილიის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ ბრაზილიის კლაუდიო სანტოროს სახელობის ეროვნულ თეატრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ, ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, ფლავიო გოლდმანმა და ბრაზილიის კულტურის სამინისტროს ფონდის ,,ფანარტის” დირექტორმა, მარკოს ტეიშეირამ.
ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამით წარდგა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“. კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული კულტურით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ანსამბლ რუსთავის მიერ შესრულებულმა ქართულმა პოლიფონიამ და ქორეოგრაფიამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით.
