რწმუნებათა სიგელების გადაცემა სურინამის პრეზიდენტისთვის
2026 წლის 13 მარტს, სურინამის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ზურაბ მჭედლიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სურინამის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჯენიფერ გერლინგ-სიმონსს.
ქ. პარამარიბოში პრეზიდენტის სასახლეში გამართული საზეიმო ცერემონიის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ელჩისა და სურინამის პრეზიდენტის შეხვედრა. შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სურინამს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
საქართველოს ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, აქტიურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. ზურაბ მჭედლიშვილმა მადლობა გადაუხადა სურინამის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ჯენიფერ გერლინგ-სიმონსმა წარმატებული დიპლომატიური საქმიანობა უსურვა საქართველოს ელჩს და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების სურვილი გამოხატა.
