Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ინფორმაცია ვენესუელაში დემოკრატიის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

2019 წლის 6 აგვისტოს, ქ. ლიმაში პერუს მთავრობის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „დემოკრატია ვენესუელაში“. ღონისძიებაში 50-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პერუს რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) დავით სოლომონია მონაწილეობდა.

შეხვედრაზე ლიმას ჯგუფის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს ვენესუელის დროებითი პრ​ეზიდენტის, ხუან გუაიდოს მიმართ. მათ უკიდურესი შეშფოთება  გამოთქვეს ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმის პირობებში ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევისა და უმძიმესი ეკონომიკური ვითარების ფონზე შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა პერუს რესპუბლიკაში  დავით სოლომონიამ მადლობა გადაუხადა პერუს მხარეს ღონისძიების ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ვენესუელელი ხალხისა და ხუან გუაიდოს ლეგიტიმური მთავრობის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად, ხოლო ეროვნული ასამბლეა ვენესუელის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ აღიარეს. გამოითქვა მოლოდინი, რომ შექმნილი რთული ვითარებისა და არსბული გამოწვევების მიუხედავად, ვენესუელაში ჩატარდება დემოკრატიული და ლეგიტიმური არჩევნები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიის აღდგენას.  

ქართულმა მხარემ, ასევე, გაიზიარა საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება ვენესუელაში ადამიანის უფლებების სისტემური და მასობრივი დარღვევების, მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის გამო, რაც დეტალურად არის ასახული გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

დავით სოლომონიამ კონფერენციაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაგმო 2009 წელს ვენესუელის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება  და გამოთქვა იმედი, რომ დემოკრატიული გარდატეხა ხელს შეუწყობს ვენესუელის დაბრუნებას საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომელიც ემყარება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას.  
 
დავით სოლომონიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ვენესუელის ლეგიტიმური მთავრობის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ დემოკრატიული ტრანზიციის დასრულების შემდეგაც საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს ვენესუელის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, მათ შორის, სხვადასხვა სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების გზით.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის დაწებამდე გაიმართა ლიმას ჯგუფის წევრი ქვეყნების სპეციალური შეხვედრა, რომელშიც, ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა პერუს რესპუბლიკაში დავით სოლომონიამ