შეხვედრა პარას შტატის გუბერნატორის აპარატში
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა, ქ. ბელემში (პარას შტატი) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა შტატის გუბერნატორის აპარატის უფროსთან, კლიმატის კონფერენციის (COP-30) ტექნიკურ ხელძღვანელთან, ფაბიო ბერტესთან და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსთან, ენალდო ვიეირა დე სოუზასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს რეგიონებსა და პარას შტატს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა კულტურული ურთიერთობების გაღრმავების, ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციის, რეგიონების ქალაქებს შორის დამეგობრების, ორმხრივი გამოცდილების გაზიარების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების რეალიზაციის საკითხებზე.
შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდი ტენდენცია და არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობა.
საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები და ქვეყანა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან აქტორად ჩამოყალიბდა, რამაც კიდევ უფრო ინტენსიური გახადა როგორც რეგიონის, ასევე შორეულ ქვეყნებთან თანამშრომლობა.
ბრაზილიურმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 30-ე კონფერენციის (COP-30) ლიდერთა სამიტში მონაწილეობისთვის, რომელიც 6-7 ნოემბერს სწორედ პარას შტატის დედაქალაქ, ბელემში იმართება. ზურაბ მჭედლიშვილმა ყურადღება გაამახვილა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში, გლობალური ძალისხმევის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საქართველოს ელჩმა ბრაზილიურ მხარეს კლიმატის კონფერენციის წარმატებული მასპინძლობა და ნაყოფიერი განხორციელება უსურვა.
შეხვედრის დასასრულს, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება. მხარეებმა დაადასტურეს კულტურის სფეროში საერთო ღონისძიებების განხორციელების და საგანმანათლებლო მიმართულებით, ინტერესის საერთო სფეროების იდენტიფიცირების მზაობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, თეონა კუტალაძე და მრჩეველი, ვასილ კუჭუხიძე. ხოლო ბრაზილიის მხრიდან შტატის გუბერნატორის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩევლები, მატეუს ვირგულინო და ვიტორ კალდერადო.
