რიო-დე-ჟანეიროს საპატიო მოქალაქის წოდება საქართველოს ელჩს
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ზურაბ მჭედლიშვილს, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს საკრებულოს პრეზიდენტმა კარლო კაიადომ ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და შტატის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივი წარმატებული პროექტების განხორციელებისთვის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
ოფიციალურ ცერემონიას, რომელიც საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა, რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოებრივი წრეების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
