ელჩის შეხვედრა რიო გრანდე დუ სულის შტატის გუბერნატორის ტურიზმის სამსახურის უფროსთან
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა, რიო გრანდე დუ სულის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა შტატის გუბერნატორის ტურიზმის სამსახურის უფროსთან, როდრიგო შნიცერთან.
ზურაბ მჭედლიშვილმა ბრაზილიურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობებისა და სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ. თავის მხრივ, როდრიგო შნიცერმა საქართველოს ელჩს გაუზიარა შტატის მიღწევები მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მათ შორის ბუნების დაცვისა და ადგილობრივი თემების ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით. შტატი ტურიზმის სფეროში B2B მიმართულებით ლიდერია რეგიონში და ამ მიმართულებით მომავალ წელს იგეგმება საერთაშორისო გამოფენა, რომელზეც ქართული მხარეც იქნება მიწვეული.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი პროექტების შემუშავების შესაძლებლობები, რომელიც რიო გრანდე დუ სულის მოსახლეობაში გაზრდის საქართველოს მიმართ ცნობადობას და ინტერესს ტურიზმის თვალსაზრისით.
დაიგეგმა მომავალი ერთობლივი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებით ენოტურიზმის მიმართულებით. საქართველოს ტურისტული მოდელის გაცნობის მიზნით ქვეყანას რიო გრანდე დუ სულის შტატიდან ესტუმრება ჟურნალისტების ჯგუფი, რომელიც სპეციალურ გადაცემას მოამზადებს ბრაზილიელი მაყურებლისთვის.
