საქართველოსა და ბრაზილიის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ შეხვედრა გამართა ბრაზილიის კულტურის მინისტრ, მარგარეტ მენეზესთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ მჭედლიშვილი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბრაზილიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას და მისი უკეთ გაცნობის მნიშვნელობას.
გაფორმდა საქართველოსა და ბრაზილიას შორის კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ხელი საქართველოში მოაწერა. კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ ოფიციალური დოკუმენტი ბრაზილიის კულტურის მინისტრს გადასცა.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა, რომ მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის კულტურის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ახალ განზომილებას სძენს და მომავალში ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერის კარგ შესაძლებლობას ქმნის.
