საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის შეხვედრა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურის სახელმწიფო მდივანთან
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ შეხვედრა გამართა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურის სახელმწიფო მდივანთან, დანიელე ბაროსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ მჭედლიშვილი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა კულტურის სფეროში რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღინიშნა რიო დე ჟანეიროს, როგორც ბრაზილიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრის განსაკუთრებული როლი, რომელიც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ახალი ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელებისთვის.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააღრმაონ თანამშრომლობა კულტურის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კინემატოგრაფიის, თეატრის, სამუზეუმო საქმიანობის, ლიტერატურისა და კულტურული გაცვლითი პროგრამების სფეროებში. ასევე გამოითქვა ინტერესი ინსტიტუციურ დონეზე პირდაპირი კავშირების გაძლიერებისა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების მიმართ, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცნობადობის გაზრდასა და კულტურული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.
