COP-30-ის წინამოსამზადებელი ღონისძიება
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა მონაწილეობა მიიღო, მიმდინარე წლის ნოემბერში ბრაზილიის ქალაქ ბელემში (პარას შტატი) დაგეგმილი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 30-ე კონფერენციის (COP-30) წინამოსამზადებელ ღონისძიებაში ე.წ. „Pre-COP“-ში, რომელიც 13-14 ოქტომბერს ბრაზილიის დედაქალაქში იმართება.
„Pre-COP“ ყოველწლიურად კლიმატის კონფერენციამდე ერთი თვით ადრე იმართება და ტრადიციულად, მასში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს კონფერენციის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლისა და პოზიციების შეჯერების საშუალებას აძლევს. ასევე, „Pre-COP“ -ზე ხდება კლიმატის კონფერენციის დღის წესრიგის გარკვეული ნაწილის ფორმირებაც. შესაბამისად, მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია თავად კონფერენციაზე ქვეყნის დელეგაციის მომზადებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ელჩს საშუალება მიეცა, შეხვედრა გაემართა ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კლიმატის კონფერენციაში მონაწილე სხვა თემატური სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე კლიმატის კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრებზე საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა კლიმატურ ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელობასა და ამ პროცესში საქართველოს ძალისხმევაზე.
